Feedback

‘გახარია მელიასა და ნამოხვანჰესს შორის, რატომ გადადგა პრემიერი?’ - ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან

  /   ნანახია 301 ჯერ

‘გახარია მელიასა და ნამოხვანჰესს შორის, რატომ გადადგა პრემიერი?’ - ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან

მმართველი პარტია 'ქართული ოცნების' მე-5 პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოულოდნელ გადადგომას, რომელიც ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობით იყო განპირობებული, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს. საქმე იმაშია, რომ სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება თბილისში პარლამენტის ბოიკოტისა და მელიას დაკავების თემებს არჩევენ, იმერეთის მოსახლეობა მდინარე რიონის ხეობის გადარჩენისთვის იბრძვის. 28 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მოსახლეობა ნამოხვარჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, თურქული სამშენებლო კომპანია ENKA-ს ოფისთან. 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს მიწების უცხოურ კომპანიებზე გასხვისებით საკუთარ მოსაზრებას საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვიზიარებს.


- ბატონო დიმიტრი, ამბობენ, იმერეთში 400 ჩინელის შესაძლო ჩამოსახლება და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება  სწორედ ნამოხვანჰესის მშენებლობას უკავშირდება. შესაძლებელია ასეთი კავშირი

- ძალიან კარგად ვხედავთ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის საცეცებს კავკასიის რეგიონზე. ძალიან დიდი გავლენა აქვს თურქეთს იოგურებით (მუსლიმანი ჩინელები) დასახლებულ ჩინეთზე. ჩინეთი გადავიდა სოციალური რეიტინგების ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც მოქალაქეთა სათანადო ქცევის ქულებით შეფასებას, მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობს. იოგურებით დასახლებული ჩინეთი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის. 8 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მარტო  გარემეთვალყურეობის კამერებია დამონტაჟებული ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში, სადაც რელიგიური ექსპანსია არის სახეზე და იმდენად დიდი საფრთხის შემცველია, რომ ჩინეთი ძალიან დიდ ფინანსებს ხარჯავს და ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას ამ რეგიონში. აღარაფერს ვამბობ თურქეთის გავლენაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, კერძოდ, შუა აზიის რესპუბლიკებზე. კავკასიაზე რომ გადმოვიდეთ, ძალიან კარგად ვხედავთ, რა მოხდა ყარაბაღში. სომხეთს ძალიან სწრაფად ააღებინეს ხელი ყარაბაღზე. თურქეთის ეკონომიკური ტრასები ტრადიციულ აბრეშუმის გზას კავკასიაში უკვე 2-ნაწილად ჰყოფს. საქართველოსთან მიმართებით არსებული ტრასები იმდენად აღარ არის საგულისხმო, რაც ჩვენს ეკონომიკას არაკეთილსაიმედო პროგნოზს უქადის.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საბაბით საქართველოსკენ დღეს 5 000 თურქი სპეციალისტი მოემართება, რათა ჩასახლდნენ იქ, სადაც მათ 100 წლით ექნებათ საკუთრებაში რიონის ხეობის 6 მლნ კვ/მ ფართობი, როგორც გარკვეული საიჯარო ფორმით, ისე მრავალი ათეული ჰექტარი პირდაპირი საკუთრების უფლებით. მათ საკუთრებაში გადაეცემათ ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ერთ, ვთქვათ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, არამედ ასევე, ლეჩხურმისა და ტყიბულის რაიონებსაც მოიცავს.

       

- წლებია ვუყურებთ საქართველოდან ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსის გადინებას იმ ფონზე, როცა ყველა სფეროში სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს. მოსალოდნელია თუ არა, რომ ეს მძიმე თავის ტკივილად გვექცეს

- ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი აბსოლუტურად გადინებულია ევროპის და აშშ-ს ქვეყნებში. ჩვენი უნივერსიტეტები, არც ერთ რეიტინგებში აღარ ფიგურირებს. იმის ნაცვლად, ქვეყანაში სწავლის ხარისხი გაძლიერდეს და საქართველო სასწავლო-საუნივერსიტეტო, ან საპორტო ჰაბი გახდეს, პირიქით, სწავლის დონე სულ უფრო ეცემა. ამას აქვს გეოპოლიტიკური მიზნები. ლაზიკას შემთხვევაში მიზანი იყო ის, რომ კოლხეთის დაბლობი თავისი სოფლებით, რაც ჩვენი ცივილიზაციის მთავარი საფუძველია, მომსპარიყო და მთელი სოფლები ქცეულიყო ჰონგ-კონგის ტიპის ქალაქად, სოფლების მოსახლეობა კი გამხდარიყო მთელი ამ საპორტო ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი. კოლხეთის დაბლობი გამხდარიყო 10-20 მეგაფერმერის საკუთრება. ანალოგიური დატვირთვა აქვს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც. სწორედ ამ ტიპის კამპუსებში დიდი რაოდენობით სტუდენტ-ახალგაზრდობა მოიყრის თავს განვითარებადი სამყაროდან - პაკისტანი, ავღანეთის, ინდოეთი, მალაიზია და ა.შ. ბინადრობის უფლების მიღების გზით ეს ადამიანები ჩასახლდებიან საქართველოში.

- ადეკვატურია ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის დედაქალაქში იმასთან, რაც ხდება დანარჩენ საქართველოში

- არ შეიძლება მელიებზე ყურადღების გაფანტვა, ჩვენ ვალდებული ვართ ყურადღება გადავიტანოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც მეგაეკონომიკური პროექტების უკან გულისხმობს იმ ტიპის სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების განხორციელებას, რასაც ქართული მოსახლეობის სრული ანიჰილაცია (გაქრობა) მოჰყვება ამ მიწაზე. ფულის პატრონები მსოფლიოს ანაწილებენ თავიანთი შეხედულებისამებრ და აღმოჩნდა, რომ ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც 2 000-წლოვან ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებულ ცივილიზაცია აქვს, არ სჭირდებათ თავისი ერით და სჭირდებათ ტერიტორიით. ტერიტორიის ხელში ჩაგდება გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამომდინარე არის ძალიან მარტივი, ააშენე 100 მგ/ვტ-ის ჰიდროენერგეტიკული კვანძი, რომლის ზედა და ქვედა ზონა გაწელილი იქნება მრავალ კილომეტრზე და მთელი ეს ფართობი - ტყე, მასივი, სახნავ-სათესი, საძოვარი ჩაიდება ერთ-ერთი კომერაციული ბანკის უზრუნველყოფაში. ერთი საუკუნით გადაცემული მიწა მათი დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი პოლიტიკური ექსპანსია ეკონომიკური საბაბით თურქეთისა საქართველოში.  

  - აზერბაიჯანი დავით გარეჯის საკითხში თურქეთის ზურგით მოქმედებს

- აზერბაიჯანი და თურქეთი ერთი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ აზერბაიჯანს საქართველოსგან ძალიან ბევრი სიკეთე აქვს. მთელი დისტრიბუცია 'სოკარის' არის. ქვეყანას 'სოკართველო' დაერქვა ბევრი ადამიანის თვალში. 'სოკარი' არის ყველგან. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას. 50 წელია საქართველო აზერბაიჯანს სასმელ წყალს აწვდის 1200 მმ-იანი 2 უზარმაზარი მილით - მდინარე იორიდან და თბილისის ზღვის წყალსაცავიდან. ამ წყლით მარაგდება აზერბაიჯანის აღმოსავლეთით მდებარე, რამდენიმე ქალაქი. 50 წელია აზერბაიჯანი იღებს ამ სიკეთეს ჩვენგან. ათეული წლებია აზერბაიჯანი ითვლება ნომერ მეორე სავაჭრო-ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოსთვის.

- სტრატეგიული პარტნიორები ასე არ იქცევიან?

- ასე იქცევიან მტრები, რომლებიც სულში აფურთხებენ ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი თავის დროზე დათანხმდა შეექმნა ერთი მხრივ ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ერი არის დაფუძნებული ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. 115 გამოქვაბული ეს არის ამის მტკიცებულებაო. მეორე მხრივ ხელში ჩაუგდო 5 სტრატეგიული სიმაღლე. ეს ის ადგილია, სადაც 3 რესპუბლიკა იკვეთება. ამაზე 2007 წლის ინტერვიუში სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ შიდასაჭიროებაა, თურმე აზერბაიჯანი უნდა ფლობდეს სტრატეგიულ სიმაღლეებს, თან დავითგარეჯი უნდა დარჩეს ჩვენს საზღვრებში. ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. ამაში ჩანს სააკაშვილის მოღალატეობრივი დამოკიდებულება. თუმცა, რა მიკვირს ისეთი პრეზიდენტისგან, რომლისთვისაც საქართველო არის ქვების გროვა.

- რაში ხედავთ გამოსავალს

- ლიდერი სჭირდება სახელმწიფოს. ისეთი ლიდერი, რომელიც თავისი არსით არ იქნება მარიონეტი და გამოჩეკილი, რომელიმე დასავლური კაბინეტის წიაღში. არამედ მას ექნება ერისა და ღვთის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა წარმართოს სწორი პოლიტიკა ოკუპაციის პირობებშიც კი.

- ასეთი ლიდერის კონტურებს დღეს სადმე ხედავთ?

- მართალი გითხრათ, ვიმედოვნებდი, რომ გიორგი გახარიაში იყო ასეთი პოტენციალი. ვამყარებდი მასზე იმედებს. სამწუხაროდ ეს იმედები გაგვიცრუა მისი მხრიდან იმის დემონსტრირებამ, რომ მას აღარ შეეძლო პასუხისმგებლობა ეტარებინა 'ქართული ოცნების' პოლიტიკური გუნდის იმ ქმედებებზე, რომელიც ახდენდა საზოგადოების პოლარიზაციას, რაშიც მე მას არ ვეთანხმები. ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორც წესი, გუნდს არ ტოვებენ. არა იმიტომ, რომ 'ქართული ოცნების' ჩამოშლას ემუქრებოდა საფრთხე, ქვეყნისთვის იყო ქაოსში შესვლისა და გარკვეული დესტრუქციული ძალების წახალისების, მათი გათამამების პირდაპირი საფუძველი.

- გათამამდნენ კიდეც, არა?

- იმდენად გათამამდნენ და გათავხედდნენ, რომ ერთ წამში მათი რიტორიკა იყო ისეთი, კანონზე მაღლა აპირებდნენ დამდგარიყვნენ. თავად იურისტი ვარ, სისხლის სამართლის სპეციალისტი და მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მელიასთან დაკავშირებით სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა. უბრალოდ, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება, როდესაც არ სრულდება, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება. ის, რომ მერე მელია პოლიტიკური ლიდერი გახდა, რომ მას გააჩნია 27%-იანი სამოქალაქო ელექტორალური მხარდაჭერა, ეს არაფერს ნიშნავს. თუ კი ჩვენ ამას ვანიჭებთ მნიშვნელობას, რომ ის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერია და, ამიტომ უნდა იყოს ხელშეუხებელი, გადავდივართ პარაგვაის დიქტატორის, ალფრედო სტრესნერის მთავარ ლოზუნგზე, - მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი. გამოდის, რომ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან და ამას ფორმალურად სასამართლო ვერ დაუშვებდა. რა რიტორიკა ისმოდა: - ვერ დაგვიჭერ! ვერ მოხვალ!

იმ ფონზე, როცა გახარია ნაციონალებს ეუბნებოდა, - მტრები ხართ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ქვეყანას მტრობთო, - ამ დროს, უცებ კაცი იმ მოტივით გადადგა, რომ ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო დაპირისპირება პოლიტიკურ პოლუსებს შორის. სწორედ დაპირისპირებას რომ უწყობს ხელს ასეთი ტიპის განცხადება.


- გახარიას 2019 წლის 20 ივნისი მძიმე ტვირთად აქვს?

- 20 ივნისი ცალკე თემაა, ცალკე დიდი პროვოკაციების კასკადია. მაშინ, მართლა გადავრჩით მთელი ქვეყანა, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვემხო და არ გაჩაღდა იმ ტიპის სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც მოჰყვებოდა არაერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა იქ გაჩაღებულ 4 შტურმში, რომელსაც ადგილი ჰქონდა და გარეშე ძალები პირდაპირ მონაწილეობდნენ, რომ მომხდარიყო სისხლიანი დაპირისპირება.

ამჯერად არ იყო გარეშე ძალების ინტერესი?

- ცხადია იყო, რადგან ნახეთ, ორი ისეთი ფიგურა, რომლებიც მკვეთრად იყვნენ მალიასთან დაპირისპირებულები - გახარია და კვირიკაშვილი ისეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც მაამებელი იყო დასავლეთელი პარტნიორებისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ მთლიანად წარმოუდგენელს ხდიდა ამ 2 ლიდერის დამოკიდებულებას 'ნაციონალური მოძრაობის', როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი არა ერთი დანაშაულის ჩამდენი ორგანიზაციის მიმართ. ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა პრიორიტეტული ის, რომ შეუძლებელია 'ენმ'-სთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, სანამ არ აღდგება სამართლიანობა და დანაშაულში მხილებული ლიდერების სანქცირება. აღმოჩნდა, რომ ამ პრიორიტეტმა გვერდზე გაიწია და მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა - დასავლეთს, ნუ ვაწყენინებთ!

- ეკონომიკური სანქციების საფუძველი შესაძლოა გახდეს მელიას დაპატიმრება?

- ვერ დააწესებენ ეკონომიკურ სანქციებს, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს სანქციები იქნება ქვეყანაში გეოპოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლის პირდაპირი საფუძველი. ამაზე არ წავა დასავლეთი. ის ძალიან კარგად ხედავს, რომ ის ფორმალობა, რაც მოჰყვა მელიას დაკავებას დაკავშირებული იყო მელიას მხრიდან პროვოკაციებთან, რომელიც სამართლის ჩარჩოში არ ჯდება არანაირად. მას გამოუტანეს გირაო და ელექტრონული სამაჯური, ჯიპიეს ზედამხედველობის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის დროებით იძულებით პროცესს საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე და მის დამთავრებამდე. ადამიანი, რომელიც დათანხმდა ამას, გაიკეთა სამაჯური, განჩინება შეიყვანა კანონიერ ძალაში და მერე  პოლიტიკური აქტის განხორციელების მიზნით გადააგდო სამაჯური, როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ჯუნგლებში ხომ არ ვცხოვრობთ? გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ცივილიზებული ქვეყანა. ამას რომ აკეთებ, პოლიტიკური აქტის ფასიც ხომ უნდა გადაიხადო სამართლებრივ დონეზე? ხომ იცოდა მელიამ, რაც მოჰყვებოდა ამას, მაგრამ ეტყობა ამის შეფუთვაც უნდოდათ ისეთნაირად, რომ თავი დაზარალებულად გამოეყვანა, შეწირულ გმირად, რომელსაც მთელი ერი გაჰყვებოდა, მოვიდოდა ვადამდელი არჩევნები და მოგვევლინებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და გავაგრძელებდით ცხოვრებას იმ ათვლის წერტილიდან, სადაც მოხდა წყვეტა.

- ხალხი ამბობს, რომ ვიღაცეების სკამების დასაცავად არ გავლენ ქუჩაში...

- რა თქმა უნდა მოსახლეობა არ გავა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავითგარეჯი თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით არის თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ამყირავებელი, ეს არის ფუკუშიმა, რომელიც წალეკავს მას, იმ შემთხვევაში, თუ მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ჩვენ ყველანი დავინახავთ, რომ სააკაშვილის ხროვა, მთელი თავისი ადმინისტრაციით, ჩართული იყო ქვეყნის გასხვისება-გაყიდვის მოღალატეობრივ აქტში. უბრალოდ დამთავრდება „ენმ“. გიგი უგულავა ღიად აცხადებს, რომ მე და ღარიბაშვილი ვმოქმედებთ თურმე რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გავაჩაღოთ ომი, წავკიდოთ საქართველო აზერბაიჯანს და ამას რუსეთი გვავალებს. დავითგარეჯი სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა გაყიდეს, ამას თავისი მატერიალური ღირებულება ჰქონდა, რომელიც მათი შავი სალარო იყო და ემსახურებოდა, ისევ და ისევ მათი ძალაუფლების განმტკიცებას, საიდანაც წასვლას არაფრისდიდებით არ გეგმავდნენ. სიზმარშიც ვერ ნახავდნენ ეგონათ, რომ ოდესმე წავიდოდნენ ხელისუფლებიდან. კიდევ 30 წლით თუ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, 30 წლის შემდეგ ბერთუბნისა და ჩიჩხიტურის ბედი ვინმეს, ან გაახსენდებოდა, ან არა, თავისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე. აღმოჩნდებოდა აზერბაიჯანული მხარისთვის ბუნებრივად გადაცემული. ამასობაში ამათ ექნებოდათ უზარმაზარი სარგებელი მიღებული, როგორც პოლიტიკური დივიდენდების სახით, ისე წმინდა მატერიალური.

- ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა განსხვავებული იქნება?

- ბევრი პოლიტიკოსი ვნახეთ, ვინც მოდიოდა სერიოზული დაპირებებით ხელისუფლებაში, მაგრამ მივიღეთ  პოლიტიკურ დონეზე თანაცხოვრება დამნაშავე რეჟიმთან. 'ქართული ოცნების' 2 მთავარი გზავნილი რა იყო 2012 წელს? პირველი - საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და პოლიტიკური ფასის განსაზღვრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მეორე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი - სამართლიანი გარემოს აღდგენა, სასამართლო სისტემის რეფორმა. მთელმა ქვეყანამ განვიცადეთ ფიასკო ამ მიმართულებით, იმის, გამო, რომ მათ ეს პოლიტიკური ამოცანა უბრალოდ ვერ შეასრულეს, ვერ ასწიეს ტვირთი. პირველი რაც გაისმა - კოჰაბიტაცია, რაც ნიშნავს ორი ძირითადი სისტემის თანაარსებობას. ბევრი პორტირებული ნაცმოძრაობის სახე აღმოჩნდა 'ქართული ოცნების' ლიდერშიპი.

გახარიას მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მე ვამტყუნებ ამ ადამიანს ამ საქციელში, ასევე ნამახვარჰესთან დაკავშირებით მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 2019 წლის 21 ნოემბერს არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მიწის შესახებ კოდექსის ამოქმედებამდე 2 თვით ადრე ასეთი მნიშვნელოვანი აქტის განხორციელება, რომელიც 565 ჰა მიწის ფართის გადაცემას  გულისხმობს ფაქტობრივად საკუთრების უფლებით უცხო ქვეყნის კომპანიისთვის. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები 28 თებერვალს. ათასობით მანქანით შეიძლება მივიდეს იქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხალხი. 10 ათასი კაცი რომ მოიყრის იქ თავს და 10 ათასი კაცის მოტივაცია და შინაგანი ინსპირაცია იქნება - მამული, ენა და სარწმუნოება, როგორ ფიქრობთ ეს გამოიწვევს თუ არა მასობრივ ფიზიოლოგიურ აფექტს საქართველოს მოსახლეობაში?...

ესაუბრა შორენა პაპაშვილი