Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: პიროვნების რაგვარობის საკითხი (შტრიხები ქართული მწერლობიდან)

  /   ნანახია 193 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი:  პიროვნების   რაგვარობის    საკითხი   (შტრიხები  ქართული მწერლობიდან)

საბას  ერთ-ერთ საგულისხმო და ნიშნეულ იგავს  გავიხსენებ - 'მოტირალი და მოცინარი':

'ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახევდა.

ჰკითხეს მოტირალს კაცსა: ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო?

მან ეგრე თქვა: რა ვქმნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო.

მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს: შენ რა გაცინებსო?

მან ესრე თქვა: ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელია?'

მთელი უცნაურობაც ამაშია, რომ ისე არ ხდება როგორც უნდა ხდებოდეს და რა ქნას ადამიანმა ამ შემთხვევაში? რა არის ცხოვრების საგანი? ტირილი და სიცილი გამოსავალს არ გაპოვნინებს. გამოსავალი ეს არ არის; ტკივილში არ რჩებიან, ტკივილიდან გამოდიან. რას აქვს აზრი? -  ბრძოლას, რა მაგალითსაც თვითონ მწერალი გვაძლევს სააშკარაოზე გამოტანით, ავლენს დაღს საზოგადოებისას, რომელიც სიმახინჯეს ნებდება. უნდა გაჩნდეს სილამაზის საჭიროების და აუცილებლობის  მოთხოვნილება. ეს უნდა დაიბადოს მწერლობით, თქმით,  სიმართლით. ცხოვრების მანკიერ მხარეებზე ყურადღების გამახვილება ნათელი მხარის გასაძლიერებლად ხდება. განსაცდელისას მადლი უნდა გარდაემატოს - როგორც ამბობენ წმ. მამები. სიძნელის გავლით სიკეთე უნდა დამკვიდრდეს. მწერალი ყველაზე საიმედო ადამიანია!                                    

ერთი ნიშანდობლივი შტრიხია, პარადოქსულიც კი, ვაჟას 'სტუმარ-მასპინძელში'. ჯოყოლას სახლში სტუმარია, 'დროული,' (ასაკიც კი ხაზგასმულია). იგი  დამღერს გმირობის ამბებს. დავაკვირდეთ, რაზე მღერის და მერე რას გამოავლენს. საზოგადოებაში სულ არის გმირის შინაგანი მოთხოვნილება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში  რამდენად ხდება მისი მიღება და გათვალისწინება, თუ უარყოფა უხვდება წინ და უკუგდება. სრულიად საპირისპირო საქციელია გმირობისა, რასაც ის ჩადის. ზვიადაურთან ერთად ხომ თანამოძმეა გამეტებული. ზვიადაური თუ დამნაშავეა, ჯოყოლას ხომ არაფერში უძღვის ბრალი. კაცი, რომელიც გმირებზე მღეროდა, შემდგომ - 'ენასა ჰლესავს შხამითა.' როგორ  უჩუმრად, იდუმალ, მალულად იქმს ამას. ეს უკვე არის ადამიანურობის დარღვევა და გათელვა. ზურგსუკან მოქმედება გმირობის საწინააღმდეგოა, ძირგამომთხრელია, დამცრობაა, ფანდი და ხრიკია. გმირობის  შესატყვისი საქციელი ეს არ არის. კაცობა ის იქნებოდა პირისპირ განდობოდა ჯოყოლას, ვისაც 'ჭკვათხელიც' კი უწოდა თანასოფლელებთან. ჩასაფრებას არ თაკილობენ. იმედგაცრუებული  რჩება მიტომაც ჯოყოლა თამანოძმეთაგან, რადგან ამ ქვენა გრძნობებმა ადამიანობა შეიწირეს, გმირობა გაიყოლეს და ამ სიწამხდრესაც უმხედრდება იგი. პროტესტი დაიბადა, რაც ბუნებრივია.  საყოველთაო ფასეულობების დამკვიდრებას ემსახურებიან ვაჟას გმირები. ისინი, ცხადია, ცდებიან ერთი  თემის, ერთი კოლექტივის ფარგლებს იმ ზოგადსიმართლისთვის, რაც ადამიანობას განაღმრთობს.  აქვე, ალუდას უჩვეულო ფრაზაც გავიხსენოთ - 'ლამაზი ძმისთვინა.' ლამაზი ადამიანის ცნება შემოდის. სილამაზეა ღირსება, უმთავრესად ეს შვენის ადამიანს, ურთიერთობათა ხაზიც ეს არის - მშვენიერება, ლამაზი არსებობა, უხინჯო, სრული. უპირველესად, ადამიანობა ითხოვს დააფასოს ეს!

ამოსავალი წერტილი რა არის, რას უნდა ეფუძნებოდეს ადამიანობა, ცხოვრება? რას სცემს პასუხს  შენი არსებობა?

ბოლოდროს სულ უფრო მეტად საუბრობენ  საზოგადოებაში სხვადასხვა საჭირო ნორმების დაკარგვაზე. წერენ ე. წ. 'ვულგარიზმზე', 'კონფორმიზმზე', რაც ბღალავს ზნეობას, ხელოვნების ნაცვლად -'პოპ კულტურაზე' (მასკულტურაზე) და სხვ. მაგრამ ეს პროცესი შეუჩერებელი ხდება.

ნიკო ლორთქიფანიძის 'შელოცვა რადიოთი' თანამედროვე სამყაროს   სულისკვეთების გაგებასაც მოიცავს და ფასეულობათა შეჯახების, დაპირისპირების ჩვენებაცაა. ამის უბადლო ნიმუშია ის  დიალოგებიც, რაც განსხვავებულ თვალსაწიერს კვეთს... ფულზე ორიენტირებულ გარემოში არ არის გადარჩენა და ამის მაგალითია -ელი, რომელიც ამგვარი გარემოს მსხვერპლია. რით ითქვამს სულს? სად იოხებს ძველი დროის მონატრებას? ამ სივრცეშიც ახერხებს ჰექსლეისა და ბრომლეის  სამყაროსთან დაშორებას და თავის შენარჩუნებას, წუთიერ გაქცევას და თვითაღდგენას. ადამიანით მანიპულირება ჩვეული წესია და  გასრესა ემუქრება ადამიანს, ამას აღწევს თავს რამინო, ელი... ასეთ სამყაროში ერთგულება არ ფასობს.. ელის ცეკვაც თავისუფლებისკენ ერთი დიდი სწრაფვაა. მას არ უნდა წყალობასავით მიიღოს სამშობლოში დაბრუნება, ამის რეალურად მოპოვება სურს, ნებისმიერი საფრთხის ფასად, დამსახურებულად მიღება. ეს  პროტესტია, თავგანწირვა, რითაც მისი ადამიანობა შენარჩუნებულია, გამოსყიდულია.

სულიერი დაცლა ყველაზე საშიშ ფაქტორადაა გამოცხადებული. თუ რაღაც ინგრევა, თუ რაღაც არ ეწყობა, არ გამოდის, რამდენად ხარ ბრალეული ამაში?  ფული სულის ადგილს ვერ ავსებს. საინტერესოა ჰიუგოს მოსაზრება ფულზე, როცა ის ყველაფრის საშუალება ხდება და თვით ადამიანზე მაღლა დგება, როცა ირგვლივ ყველაფერს ცვლის არასასიკეთოდ : 'დღეს მხოლოდ ფულში არის დიდება! საქმედ ის მიაჩნიათ, რაც ფულს შესძენთ... გარეგნულად ბრწყინვალეა დღეს ადამიანი ... და იმავე დროს ისეთი ბინძურება უდევთ სინდისის წილ... თუ დროსაც უნდა ჰქონდეს თავისი დევიზი, ორ სიტყვას ვიხმარდი ჩვენი დროის დევიზად - ბინძური სისუფთავე!... თაღლითი ბრწყინვალება, რომელსაც ადამიანური არა გააჩნია რა... იგივეა, ფერუმარილი წაუსვით წუმპესო.'

მწერლობა ადამიანს აღდგენას სთავაზობს, გავიმეორებ ზემოთთქმულს, ტკივილში არ რჩებიან, ტკივილიდან გამოდიან! რჩები იმგვარ მდგომარეობაში, რაც არაფერს ცვლის (მოტირალი და მოცინარივით) თუ პოულობ ძალას ეს შეცვალო... მწერალი ყველას ნაცვლად დებს გამოსავალს. სიყვარული კი ნიჭია... სიცოცხლე, ცხოვრებაც და  ადამიანობაც თავდაუზოგავ სიყვარულს ითხოვს იმდენად, რამდენადაც არ გააუფასურებ მას! ესაა მაღალნიშნული.

ადამიანურ ძალას ყველაფერი შეუძლია; დაქვეითება არ შეიძლება. გაჭახრაკებული ცხოვრება რაღა სიცოცხლეა. გარემომ კი არ უნდა დაიქვემდებაროს ადამიანი, ადამიანმა უნდა დაიმორჩილოს გარემოებანი  სწორედ ამ ადამიანური ძალის მეშვეობით, საკუთარი ადამიანობის სიმაღლის განცდით. დადიანის ასულის წინაშე მათხოვარი რასაც მოიმოქმედებს,  (ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში - 'დადიანის ასული და მათხოვარი'), ეს   ღირსების ცხადი გამოხატულებაა და  დაბრუნება საკუთარ თავთან. დაჯერებაა იმისა, რომ ადამიანი ყველაფერზე მეტია, მიუხედავად იმისა, ბედი რას მიაკუთვნებს მას და რა ადგილს მიუჩენს. თავად ადამიანია ყველაფერზე მაღლა მდგომი და ამ ჭეშმარიტებას მიაგნო მან. არარაობიდან ყველაფრამდე განივრცო. 'არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა... მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა' - ვაჟასეული ეს განცდაა აქაც.  'საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი.'(ვაჟა). აი, სად არის ადამიანური ძალისხმევა. ეს არის მწვერვალიც. უპირობო  სიკეთეც ესაა. ადამიანის შინაგანობა, მისი სულიერი მნიშვნელობა და სულიერი ძალმოსილება იყო და იქნება მთავარი. ადამიანი როგორც პატივისცემის უპირობო საგანი, რომლის აბუჩად აგდების უფლებაც არავის აქვს. არავინ არაა  ჩვეულებრივი არსება. ადამიანი თავისთავადაა უჩვეულო. ეს ცხადყო მათხოვრის შემთხვევამ, ეს ცხადყო ვაჟამ. თავად თუ არ დათმე და გააუკუღმართე ეს, სხვა ვერაფერს დაგაკლებს და შენ უნდა იყო ამ სიმაღლეზე საკუთარი რაობით.

ადამიანი უნდა ეპატრონოს თავს და მოერიოს, აჯობოს გარემოებებს. მას ამის შესაძლებლობა აქვს, თუკი მოინდომებს. რაზე ხარ აღმატებული - ესეც არჩევანია.

 უიშვიათესია სიმძაფრით, ადამიანური სათქმელით ილიასეული დედაკაცის მაგალითი ('კაცია-ადამიანის?!' დასასრულს), როგორ არ შეიძლება მოიქცე, რა არის უმოწყალო, სიყვარული კი ტკივილიცაა და პასუხისმგებლობაც. ორ ნაწილად წარმოჩენილი საზოგადოება რას იქმს, რას გამოხატავს, როცა საბრალო ქალია მათ წინაშე. ვინ ვინ შეიძლება იყოს, მწერლობა ამის ახსნა თუ შეხსენებაცაა...რა ხდება ასეთ დროს თუ ყველაფერი რიგზე არაა და ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოებაც შემდეგნაირად  ხასიათდება: თვალით და გონით მხედველი. ერთნი, თვალს ართობენ და იცინიან, როცა გონებას ძნელად თუ გაეცინება. ბედკრული ადამიანის ხილვა სულერთი არ უნდა იყოს და ის მაინც უნდა გახსოვდეს კიდევ ვინმეს არ დაემართოს ასე, არამცთუ თავს გაცინების უფლება მისცე. სხვისი ტკივილით მოგვრილი ცრემლი სათნოებაა. სიცილი ასეთ დროს ტოლფასია ცოდვის, ცრემლი კი ცოდვას გადაფარავს და მადლს შობს. ყველაფერი ურთიერთვალდებულებაზე მიგვითითებს. ურთიერთგაზიარებული სამყარო თანადგომით და სიკეთით გაძლიერებული  - ეს არის მწერლის იდეალი. ჯანსაღი საზოგადოების პირობა რა არის? - სიყვარული!.. ადამიანით თავშექცევა-გართობა  არ შეიძლება, მისი მიღება შეიძლება მხოლოდ და მისი მდგომარეობის გაშინაგნება, გათავისება!..  მასში შენს სახეს რამდენად ხედავ, მაშინ გაქვს უფლება რაიმე დამოკიდებულების გამოხატვის.

ადამიანი ჯეროვნად უნდა პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას თუ სირთულეს. ზოგჯერ ის გვერდს ვერ უვლის შეუსაბამობებს. სწორედ აქ  არ უნდა უღალატოს  თავს და არ უნდა გასცდეს ადამიანობის ნიშნულს. მხოლოდ სარჩო-საბადებელზე ზრუნვა როგორ ბედკრულს ხდის ადამიანს, მხოლოდ ამაზე დამოკიდებულება, ეს დავით კლდიაშვილთან ყველაზე უკეთ ცნაურდება. პლატონისგან ცხენის ცემის მაგალითიც კი კმარა. ცხენი ცემა და გაცუდდა კაცი. შეიბღალა. გაცამტვერდა როგორც ადამიანი. გარემოებამ სძლია მას. რჩენას თავი გადააყოლეს. რაოდენ მრავლისმეტყველი  შტრიხია. ამ დროს დაკნინდა იგი. სიბრაზემ გასცა, რომ ის აღარ იყო ადამიანი. მკვლელად ამ საზარელი მომენტიდან იქცა, მნიშვნელობა აღარც ჰქონდა ნამდვილად როდის აღასრულებდა ამას. ხელი ცხენზე  კი არა, ადამიანობაზე აღმართა. როგორი შემზარავი სურათია. კაპასი დრო, შემოტეული  როგორ ხელყოფს ადამიანობას, ადამიანურ ჩვევებს- სიბრალულს, თანადგომას თანალმობას, როცა მერე მამაც გაიმეტა, უმწეო ქალიც და პატარა ძმაც.

ყოფა არც სატირალი ყოფილა და არც საცინარი, ყოფა მოქმედება ყოფილა. თუკი მოერევი იმ მორევს, რომელიც ქვემოთ გითრევს და ზემოდან მოექცევი; ნუ ჩაჰყვები უღონოდ, ხელგამოუღებლად, იშორე ეს და ნახე ის ადგილი, რომელიც შენი სარგოა, რომლიდანაც სხვაც გამჩნევს როგორც ადამიანს, ამას ამბობს ყველა მწერალი, ურმის გადაუბრუნებლად ნაჩვენები გზაა ეს, რომელიც არ უნდა დაკარგო. მწერალს გამოსავალი ნაპოვნი აქვს, მთავარია ყველასთვის ერთნაირად ღირებული იყოს ის.

წმ. მამები ამბობენ -ბედნიერებაზე მაღლა ნეტარებააო. სწორი მიდგომა ადამიანს ყველაფერს აღმოაჩენინებს. ბედნიერებას ხელს არასწორი დამოკიდებულებები უშლის. რეალობის ჭრილში და შესაბამისად დაინახო ყველაფერი, მაგრამ იმოქმედო ადამიანობის შესატყვისად, ამით შეგაქვს შესწორება არსებობაში და ეს წარმართავს სამომავლო, სახვალიო ხაზს. დღეს, რაცაა მცირე,  რომ ხვალ დიდად იქცეს, განივრცოს.

მწერლობა გვესაუბრება იმ ცხოვრების საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელია; ამის გარეშე სიცოცხლე დამშვენებულად, როგორც წესია და წელგამართული ვერ იქნება. მხოლოდ ძლიერ  საზოგადოებას შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს. ცხოვრება თავის ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, თავის სიმაღლეზე უნდა ავიდეს.

 

ლალი  ბარძიმაშვილი

8 თებერვალი, 2020